English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნატო კაკაშვილი
სიცოცხლის სადაზღვევო პაკეტები დაზღვევაში

 ჟურნალი N 2. 2023

სიცოცხლის დაზღვევის ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ამოცანაა, რადგან ადამიანის სიცოცხლე ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეული და ღირებული რესურსია. საქართველოში სიცოცხლის დაზღვევა არაპოპულარული სფეროა, რადგან მცირეა მოსახლეობის დაინტერესება და დაზღვეულთა რაოდენობა. ამდენად, მნიშვნელოვანია სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის მდგომარეობისა და განვითარების გზების განსაზღვრა, რადგან, საქართველოს მოსახლეობა განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას სიცოცხლის დაზღვევის თვალსაზრისით, საჭიროა მომხმარებელზე ორიენტირებული სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფასების რეგულირება. მოსახლეობა ყოველთვის საჭიროებდა და საჭიროებს დაცვას ფინანსური ზარალისგან, რამაც ხელი შეუწყო სიცოცხლის დაზღვევის განვითარებას და ჩამოყალიბებას. სიცოცხლის დაზღვევისას სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ, ბენეფიციარის გარდაცვალების ან გარკვეულ ასაკამდე მიღწევის შემთხვევაში, დაზღვეული ან მოსარგებლე მიიღებს მზღვეველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას. სიცოცხლის დაზღვევა ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სიცოცხლის დაზღვევისას დაზღვეულის გარდაცვალების შემდეგ, თანხა გადაეცემა დასახელებულ სანდო პირებს. სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო რისკების დაფარვა დამოკიდებულია სადაზღვევო ხელშეკრულებასა და სადაზღვევო პოლისზე. მსოფლიოში სიცოცხლის დაზღვევა გრძელვადიანია, საქართველოში კი სადაზღვევო კომპანიები ხშირად ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისში ასევე აერთიანებენ სიცოცხლის მოკლევადიან დაზღვევასაც.

საკვანძო სიტყვები: სიცოცხლის დაგროვებადი დაზღვევა, სიცოცხლის რისკობრივი დაზღვევა, შერეული სიცოცხლის დაზღვევა, სიცოცხლის უვადო დაზღვევა, მოკლევადიანი სიცოცხლის დაზღვევა, გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა.

 

შესავალი

სიცოცხლის დაზღევის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე, სადაზღვევო რისკი კი- დაზღვეულის სიცოცხლის ხანგრძლივობა. სადაზღვევო რისკს მიეკუთვნება: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი ან ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების ალბათობა; გარკვეულ ასაკამდე მიღწევის ალბათობა. სიცოცხლის ხანგრძლივობა და სიბერეში ცხოვრების ალბათობა მოითხოვს რეგულარულ შემოსავალს შრომითი საქმიანობის გარეშე. აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანაში სიცოცხლის დაზღვევა საკმაოდაა გავრცელებული. სიცოცხლის დაზღვევა ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სიცოცხლის დაზღვევისას, დაზღვეულის გარდაცვალების შემდეგ, თანხა გადაეცემა დასახელებულ სანდო პირებს, ასევე ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაზღვეული დაავადდება მძიმე სენით ან უბედური შემთხვევის შედეგად იგი გახდება შრომისუუნარო დროებით ან სამუდამოდ. სადაზღვევო თანხის ანაზღაურება სადაზღვვეო კომპანიების მიერ ხდება შემდეგ შემთხვევებში: გარდაცვალება ბუნებრივი სიკვდილით; გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგად;.კრიტიკული დაავადების შემთხვევის შედეგად, როდესაც დაზღვეული ხდება შრომისუუნარო სამუდამოდ ან დროებით.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო რისკების დაფარვა დამოკიდებულია სადაზღვევო ხელშეკრულებასა და სადაზღვევო პოლისზე.


სიცოცხლის დაზღვევის სახეობები

მსოფლიოში სიცოცხლის დაზღვევა გრძელვადიანია. საქართველოში კი სადაზღვევო კომპანიები ხშირად ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისში აერთიანებენ სიცოცხლის მოკლევადიან დაზღვევას. რისკის განსაზღვრის კრიტერიუმების მიხედვით სიცოცხლის დაზღვევის სახეობებია: სიცოცხლის რისკობრივი დაზღვევა, სიცოცხლის დაგროვებითი და შერეული დაზღვევა.
სიცოცხლის რისკობრივი დაზღვევა არის გარკვეული დროის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევის დაზღვევა. სადაზღვევო პაკეტის მოქმედების პერიოდში, დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ.
სიცოცხლის დაგროვებადი დაზღვევა არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევის დაზღვევა. სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დროის ნებისმიერ პერიოდში. მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს უვადო და მოკლევადიანი სიცოცხლის დაზღვევა. ხოლო იშვიათად გამოიყენება გრძელვადიანი ანუ საშუალოვადიანი დაზღვევა, ის ძირითადად ფორმდება გრძელვადიანი დაგროვებადი სიცოცხლის დაზღვევის სახით. უდროოდ გარდაცვალება არ არის ერთადერთი ფინანსური პრობლემა, ასევე მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს დაოჯახება, სწავლის გადასახადები, დღესასწაულები და სხვა.
შერეული სიცოცხლის დაზღვევა ითვალისწინებს, როგორც გარკვეულ ასაკამდე მიღწევის დაზღვევას, ასევე დაზღვევას გარდაცვალების შემთხვევაში. სადაზღვევო კომპანია ვალდებულია დაზღვეულს გადაუხადოს სადაზღვევო პრემიის სანაცვლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, გარდაცვალების შემთხვევაში, თუ იგი გარდაიცვალა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე.
სიცოცხლის უვადო დაზღვევა მიეკუთვნება დაგროვებითი დაზღვევის კატეგორიას. აღნიშნული პოლისით ადამიანებს შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ოჯახი, მისი გარდაცვალების შემდეგ ან გამოწვეული ეკონომიკური ზარალისაგან. დაზღვევას არ გააჩნია შეზღუდული ვადა, სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას ოჯახს გადასცეს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა დაზღვეულის გარდაცვალების შემდეგ გარკვეულ ვადებში.
მოკლევადიანი სიცოცხლის დაზღვევა არის დროებითი საშუალება ოჯახის დაცვის თვალსაზრისით, სადაზღვევო პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ დაუფარავი აღმოჩნდება ოჯახის ფინანსური ზარალი, მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ იგი გარდაიცვალა სადაზღვევო პერიოდის გასვლის შემდეგ. სიცოცხლის მოკლევადიანი დაზღვევა ეფექტურია და იაფი, თუმცა დროის გასვლის და დაზღვეულის ასაკის მატებასთან ერთად, არაეფექტური და შესაბამისად უფრო ძვირი ხდება, რადგან 28-30 წლის ასაკიდან ადამიანის წლოვანების მატებასთან ერთად იზრდება მისი გარდაცვალების ალბათობაც (ერთი წლის განმავლობაში). სადაზღვევო კომპანია კი იძულებელია გაზარდოს სადაზღვევო პრემია, რადგან იგი ფასის დადგენას ახდენს სტასტისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.
სიცოცხლის გრძელვადიან დაზღვევას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც მოკლევადიან დაზღვევას. დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, წინასწარ დასახელებული ადამიანი, როგორც მისი მემკვირდე, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მიიღებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას. ასევე, მოკლევადიან სიცოცხლის დაზღევევასაგან განსხვავებით, გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევა არის უფრო რთული და შინაარსიანი ფინანსური ინსტრუმენტი. სიცოცხლის ვადიანი პოლისის შეძენა შესაძლებელია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. რომლის სადაზღვევო პერიოდი ერთი წელია, ხოლო მაქსიმალური სადაზღვევო პერიოდი დამოკიდებულია დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაზე. დაზღვევულის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს, ხოლო თუ მომხმარებელს აქვს შეძენილი 5 წლიანი პოლისი და ამის შემდეგ მას კიდევ სურს დაზღვევის ვადის გაგრძელება, უნდა მოხდეს ახალი პოლისის შეძენა. შეძენილ ახალ პოლისს კი ექნება ახალი პირობები, რადგანაც მისი ასაკი უკვე იქნება გაზრდილი, ვიდრე წინა პოლისის ყიდვისას, ხოლო სადაზღვევო პოლისის პირობების განსაზღვრისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია დაზღვეულის ასაკი. საქართველოში არ არსებობს შემოსავლის დაცვის სქემა, თუმცა სიცოცხლის ვადიანი დაზღვევის პოლისის შეძენისას შესაძლებელია თავის დაზღვევა დაავადებებისგან დამატებითი დაფარვით. დამატებითი დაფარვის დროს დაზღვეული თუ კრიტიკული დავადების გამო დაკარგავს შრომისუნარიანობას დროებით ან სამუდამოდ, იგი აუცილებლად მიიღებს გარკვეულ ანაზღაურებას. სიცოცხლის მოკლევადიან დაზღვევას უწოდებენ „წმინდა რისკობრივ“ დაზღვევას და მას იყენებენ კონკრეტული მიზნებისთვის. ერთ-ერთია ოჯახის დაცვა. სიცოცხლის მოკლევადიანი დაზღვევა იაფი დახელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის. ევროპის წამყვან ქვეყნებში ასეთი სადაზღვევო პაკეტი მეტად პოპულარულია ახალგაზრდა ოჯახებისთვის. აღნიშნული სადაზღვევო პაკეტებით ისინი დაბალი გადასახადის მეშვეობით იძენენ გარანტიას, რომ უბედური შემთხვევისას მათი ოჯახები მიიღებენ რამდენიმე წლის შემდეგ ფინანსურ ანაზღაურებას. ასევე ცნობილია სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა. ხშირად ოჯახები, კერძო პირები ან ორგანიზაციები იღებენ სესხს სხვადასხვა მიზეზის გამო, რაც შეიძლება იყოს ბიზნესის დაწყება, მანქანის, სახლის, ავეჯის ან სხვა მნიშვნელოვანი ნივთის შეძენა. სესხის ამღებ ადამიანს ურჩევნია თანხის გადახდა გარკვეული დროის მანძილზე, ყოველთვიურად ან ყოველწლიურად დაფაროს განსაზღვრული სესხი. მოკლევადიან სესხებთან ერთად არსებობს გრძელვადიანი სესხები, რომლის დაფარვის ვადა აღემატება 1 წელს. სესხის ხანგრძლივობის მიუხედავად, არსებობს იმის ალბათობა, რომ სესხის გარკვეული ნაწილი დარჩეს დაუფარავი, რადგან გარდაიცვალოს სესხის ამღები პიროვნება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს მიიღებს როგორც ბანკი და ასევე გარდაცვლილის ოჯახი. ასევე გამოიყენება პიროვნების მოკლევადიანი სიცოცხლის დაზღვევა.
დასაქმებულთა სიცოცხლის მოკლევადიანი დაზღვევა საქართველოში ნაკლებად გავრცელებულია, მაგრამ აქვს დიდი პოტენციალი, რომ მყარად მოიკიდოს ფეხი ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე. სამედიცინო დაზღვევა არის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის გარანტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს სადაზღვევო პრემიებისა და ფულადი სახსრების აკუმულირების მეშვეობით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების თანხის ანაზღაურება, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. საქართველოს ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზარი, შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დავყოთ - კერძო და სახელმწიფო დაზღვევა. კერძო დაზღვევა ნებაყოფლობითია, რომელიც შეიძლება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (კორპორატიული) განხორციელდეს. მიუხედავად ცალკეული სადაზღვევო კომპანიების მცდელობისა, კერძო/ინდივიდუალური დაზღვევა სათანადოდ არაა განვითარებული. უფრო პოპულარულია კორპორატიული დაზღვევა, რომელიც პერსპექტივაში სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, მაქსიმალურად იქნება ათვისებული, შესაბამისად ინდივიდუალური დაზღვევაც განვითარდება.
სადაზღვევო კომპანიების ძირითად მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება, ამდენად, კომპანიების თავისუფალი ფულადი სახსრების წარმოქმნასა და მათ ინვესტირებას ენიჭება დიდი მნიშვნელობა. ამდენად, მიზანშეწონილია სახელმწიფომ სწორად განსაზღვროს ინვესტირების მიმართულებები და წესები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მონოპოლიების წარმოქმნა თავისი უარყოფითი შედეგებით.
სავალდებულო დაზღვევის პროდუქტები სადაზღვევო ინსტრუმენტებია, რაც იცავს მოსახლეობას ფინანსური ზარალისგან, ამდენად, დასაქმების და შემოსავლების დონის ზრდა და სახელმწიფოს მიერ დროებით სავალდებულო დაზღვევის შემოღება, რომელიც სამომავლოდ შეიცვლება დაზღვევის სახეობების ნებაყოფლობითი ფორმით, რაც მოსახლეობის ინტერესს დაზღვევის პროდუქტის მიმართ გაზრდის და ამაღლდება სადაზღვევო ბაზრის განვითარებისთვის საჭირო პარამეტრები. სავალდებულო დაზღვევის შემოღება გაზრდის ბაზრის ათვისების წილს. მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფაში არსებული პრობლემებს შორის ერთ-ერთია ბენეფიციართა დაბალი ინფორმირებულობა, დაავადებათა სკრინინგ კვლევების სიმცირე, მედიკამენტების მაღალი ფასი. აგრეთვე სადაზღვევო კომპანიების კონკურენტუნარიანობის არარსებობა, მოსახლეობის დაბალი შემოსავლები, რისკების შეფასების მეთოდების არასრულყოფილი გამოყენება და სადაზღვევო კომპანიების მიერ ვალდებულების არაჯეროვანი და არადროული შესრულება. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის პაკეტის შეძენა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. სამედიცინო ჯანმრთელობის დაზღვევაში მოზიდული პრემია (2021 წელი - 305,5 მლნ ლარი), აღემატება სხვა სადაზღვევო სახეოებებიდან მოზიდულ პრემიებს. ამასთან, წინა წლებთან შედარებით, ზრდა აღინიშნება სამედიცინო ჯამრთელობის დაზღვევაში მოზიდული პრემიაში. მაგალითად, 2020 წელს მოზიდული პრემია იყო 267,6 მლნ ლარი, რაც 37,9 მლნ ლარით ნაკლებია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 17% სარგებლობდა სამედიცინო დაზღევვით, ასევე, ზრდის ტენდენცია შეინიშნება სამედიცინო ჯანმრთელობის პოლისების რაოდენობაში - 2021 წელს მოქმედი სამედიცინო ჯამრთელობის დაზღვევის პოლისების რაოდენობა შეადგენდა 637 953. სამედიცინო ჯანმრთელობის დაზღვევაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით ლიდერი სადაზღვევო კომპანიებია - ჯიპიაი -84,7 მლნ ლარი; იმედიL- 62,1 მლნ; არდი-47,2 მლნ; ირაო-24 მლნ; პსპ-19,1 მლნ. http://insurance.gov.ge.

ლიდერი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

დაზღვევის სახეობების მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევაში ყველაზე წარმატებულია და მეტი მოზიდული პრემიით, ლიდერობს სს თიბისი დაზღვევა, სს სადაზღვევო კომპანია იმედი L და სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი.
სს თიბისი დაზღვევა არის ერთ- ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სიცოცხლის დაზღვევას. მის მიერ მოზიდული პრემია სიცოცხლის დაზღვევაში არის 31.2 მლნ ლარი, რაც მთლიანის 52%ია. ერთ-ერთი პაკეტი, რომელსაც თიბისი მომხმარებელს სთვაზობს, არის სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევა. მაქსიმალური სადაზღვევო თანხის ანაზღაურება მსესხებლისთვის არის 500 000 აშშ დოლარი, მისი ეკვივალენტი ლარში ან ევროში. მზღვეველი არ ანაზღაურებს მაქსიმალურზე მეტ თანხას სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, მიუხედავად დარჩენილი საკრედიტო დავალიანებისა. კრიტიკული დაავადების დაზღვევის დროს “თიბისი“ პოლისის შეძენიდან 90 დღის შემდეგ დაავადების აღმოჩენისა, იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. სადაზღვევო პოლისის ღირებულება დამოკიდებულია სადაზღვევო ლიმიტსა და ადამიანის წლოვანებაზე (18-61წლამდე). (https://tbcinsurance-website-files.s3.eu-west1.amazonaws.com/wordings/TR-001-21.pdf)
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგს სიცოცხლის დაზღვევაში თიბისის შემდეგ ყველაზე მეტი მოზიდული პრემია აქვს - 17.4 მლნ ლარი, რაც მთლიანის 29%-ია. ალდაგი საცალო და კორპორაციულ მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ მომსახურებას სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის სფეროში. ალდაგის სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფას და სადაზღვევო ლიმიტის სრულად გადაცემას. რაც უფრო მაღალია ადამიანის წლოვანება, მით უფრო ნაკლებია სადაზღვევო პერიოდი და სადაზღვევო ლიმიტი. მაგალითად, თუ 18 წლის ახალგაზრდისთვის სადაზღვევო პერიოდი 3-10 წლამდეა და სადაზღვევო ლიმიტი იყო 25 000-100 000 ლ., ეს მონაცემი განსხვავებულია 61 წლის ადამიანისთვის, ამ შემთხვევაში სადაზღვევო პერიოდი არის მხოლოდ 3 წელი და სადაზღვევო ლიმიტი კი - 25 000 და 50 000 ლარია. ( ww.aldagibci.ge).
სს სადაზღვევო კომპანია იმედი L - ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხმარებელს სთავაზობს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას უბედური შემთხვევისაგან. სადაზღვევო პოლისის შეძენა შესაძლებელია თვეში 12 ლარად. ოჯახი ფულად კომპენსაციას მიიღებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, ფულადი თანხა კი განისაზღვრება სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამისად. 2021 წელთან შედარებით 2022 წელს გაზრდილია სიცოცხლის დაზღვევაში მოზიდული პრემია, სადაზღვევო კომპანიების მიხედვით შეადგინა - თიბისი -31,2 მლნ ლარი, ალდაგი-17,4 მლნ ლარი, იმედი L- 5,3 მლნ ლარი, ჯიპიაი ჰოლდინგი -2,7 მლნ ლარი, არდი- 1 მლნ ლარი (www.gpih.ge).
2020 წლიდან კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელებამ შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ამავე დროს ბევრი ადამიანი დასნეულდა და მიიღო ფსიქოლოგიური თუ მორალური ზიანი ეკონომიკურ ზიანთან ერთად. საქართველოს მთავრობამ დროულად მიიღო შესაბამისი ზომები, რათა ვირუსის გავრცელების შანსები მინიმუმამდე დაეყვანა. შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მეშვეობით თითქმის ყველა სფერო მიიღებდა ეკონომიკურ დახმარებას. COVID-19-ის გამო ყველაზე მეტი დატვირთვა მიიღო ჯანდაცვის სფერომ. მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა ჰოსპიტლები, კლინიკები, სავადმყოფოები. მთავრობამ სრულად მოახდინა ჯანდაცვის სფეროს დახმარება, იმის მიუხედად, რომ უამრავ ადამიანს ჰქონდა კერძო თუ საყოველთაო სადაზღვევო პაკეტები. მთავრობის დადგენილებით COVID-19-ით დავადებული ადამიანები სრულიად უფასოდ იღებდნენ გამოჯანმრთელებისთვის შესაბამის პროცედურებსა და ასევე უფასოდ მოხდა ადამიანების ვაქცინაცია, რამაც დიდი როლი შეასრულა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორს არ მიუღია განსაკუთრებული ზიანი. პირიქით, მოზიდული პრემია გაიზარდა სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში - 2019 წლის მონაცემებთან შედარებით. 2020 წელს მოზიდული პრემია სიცოცხლის დაზღვევაში იყო 50,42 მლნ ლარი, ხოლო 2019 წელს 45,70 მლნ ლარი, რაც 4,72 მლნ ლარით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით. 2022 წლის ცხრა თვის მიხედვით, სადაზღვევო ბაზარზე სიცოცხლის დაზღვევას უჭირავს 7.82%. ბოლო პერიოდში, სიცოცხლის დაზღვევა მკვეთრად გაუმჯობესდა და ამავე წლის მონაცემებით, მოზიდული პრემიის ჯამურმა რაოდენობამ 55 100 000 ლარი შეადგინა. საქართველოში გაყიდული პოლისების 0.9%-ს იკავებს სიცოცხლის დაზღვევა, გერმანიაში კი ეს მაჩვენებელი 46%-ს უტოლდება, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოში ეს ბაზარი არ არის ათვისებული. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, მაგალითად: არასატაბილური ეკონომიკა, არცთუ ისე დიდი სადაზღვევო კულტურა, საინვესტიციო ბაზრის განვითარების დაბალი დონე, ინფორმაციის ნაკლებობა, უნდობლობა სადაზღვევო კომპანიების მიმართ (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური,2022).

დასკვნა


სტაბილური და სრულყოფილი სადაზღვევო სისტემა მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღორძინების, კაპიტალის დაბანდებისა და ინვესტიციების მოზიდვაში. საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აღინიშნება მოზიდული სადაზღვევო პრემიის ზრდა - ავტოდაზღვევაში, ქონების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევაში. მზარდი მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიუხედავად, სიცოცხლის დაზღვევაში აუთვისებელი ნაწილი ძალიან დიდია. ამასთან, სიცოცხლის დაზღვევის დარგის განვითარებაში შეინიშნება პრობლემები, როგორიცაა: სადაზღვევო კომპანიების მიმართ მოსახლეობის უნდობლობა; მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირება სიცოცხლის დაზღვევის სფეროში; სადაზღვევო პაკეტების სიმწირე; მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა; სიღარიბისა და უმუშევობის მაღალი დონე და სხვა. აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად მიზანშეწონილია მოსახლეობის ინფორმირება სიცოცხლის დაზღვევის სფეროში მიმდინარე სადაზღვევო პაკეტების შესახებ, შემოთავაზებული პროგრამები უნდა იყოს მარტივად აღქმადი; აუცილებელია, ასევე მოსახლეობამ გაითავისოს სიცოცხლის დაზღვევის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.

ლიტერატურა:


• კაკაშვილი ნ., ბარბაქაძე ხ. (2021). სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ახალი ეკონომისტი, # 3-4 (62-63) ტ.16 გამომცემლობა „ლოი“. გვ. 33-41, HYPERLINK "https://l.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fneweconomist.com.ge%2Fmedia%2Fdocuments%2F03-04-2021_-06.02.2022.pdf%3Ffbclid%3DIwAR2wrHePx9MBbWDf0pfeH7jKQ89k-oUvnn4LaPmVoC7GeD-io3ZEq21_Cjo&h=AT2DXYl4X8heSKJh4TkPCy5aXv45ftQgme9EB6g_c6mATkhBNSS8-ELmADsV4iPW2NVwl_DmANsHAtLeVPkF7g1-NcSoJHt23UVk67FoQzVO-xvKcTY1WfB9t74jmTXWM28d" "_blank" http://neweconomist.com.ge/media/documents/03-04-
• კაკაშვილი ნ., კახნიაშვილი ნ. (2019). ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვის მეთოდები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერება პრაქტიკისა და განვითარებისთვის“, სამეცნიერო მასალების კრებული გვ.134-140.
გამომცემლობა ბაქო, აზებაიჯანი, 2019. eco.fin.geo@gmail.com https://www.Iinkdein.com/in/davit-chaxvashvili/
• საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური http://insurance.gov.ge. (ბოლო ნახვა 2023 წლის 4 აპრილი).
• კაკაშვილი ნ., შათირიშვილი ჯ. (2012). სადაზღვეო საქმე. სახელმძღვანელო, გამომცემლობა „ინოვაცია“ , გვ. 436, თბილისი.
• www.aldagibci.ge. (ბოლო ნახვა 2023 წლის 4 აპრილი).
• www.gpih.ge. (ბოლო ნახვა 2023 წლის 4 აპრილი).
• საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, თბ., 1997.
• www.irao.ge. (ბოლო ნახვა 2023 წლის 4 აპრილი).